"ვარდების რევოლუციამ" ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე კორუმპირებული და ჩამორჩენილი რეჟიმის ჩამოგდება იყო", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" 7 წლისთავის შეფასებისას, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
"ქალბატონებო და ბატონებო, ზუსტად 7 წლის წინ "ვარდების რევოლუციით" ევროპისკენ საქართველოს მოგზაურობა დაიწყო. 7 წლის წინ ასობით ათასი მოქალაქე, მშვიდობით გამოვიდა ქუჩაში და შვეიდა პარლამენტში ისე, რომ იქედან არც ერთი ნივთი არ დაკარგულა. მათ ბევრად მეტი გააკეთეს, ვიდრე კორუმპირებული და ჩამორჩენილი რეჟიმის ჩამოგდება იყო. მათ აამოქმედეს ის, რასაც რამდენიმე თვის წინ, ლონდონის ეკონომისტმა "მენტალური რევოლუცია" უწოდა", - განმარტა სააკაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველი ხალხისთვის ორი გზა - ევროპული და ნაციონალისტურ-შოვინისტური, კანონის უზენაესობის და შიშის გზა არსებობდა, თუმცა საქართველომ უპირატესობა ევროპას და კანონის უზენაესობას მიანიჭა.
"გახლეჩვა, კორუფცია, ვერტიკალურობა, ბიუროკრატია, ცინიზმი და ავტორიტარულობა იყო ის მიმართულებები, რაც დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზოგადოებას დარჩა. 7 წლის წინ, ქალბატონებო და ბატონებიო, საქართველო მხოლოდ ფორმალურად იყო დამოუკიდბეელი საქართველო, რადგან ის მაინც რჩებოდა ამ სამყაროს ნაწილად - შიშის ნაწილად. საბჭოთა მენტალიტეტის საზღვები ჯერ კიდევ არ იყო აღმოფხვრილი და ის ჯერ კიდევ ცოცხლობდა გონებასა და სულში. მხოლოდ "მენტალურ რევოლუციას" შეეძლო ჩვენი ტრანფორმაცია ევროპულ საზოგადოებად. ეს არის ის გზავნილი, რომელიც ჩვენ, ქართველებმა ამ რეგიონში ჩამოვიტანეთ. ეს არის ის გზავნილი, რომელმაც ჩვენს მიმართ ამდენი ბრაზი გამოიწვია იმ ხალხში, ვისაც იმპერიის მიმართ ნოსტალგია ჰქონდა, მაგრამ, ეს არის გზავნილი, რომელმაც საქართველო რეგიონში რეფორმების ლაბორატორიად აქცია", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, საბჭოთა კავშირი ეფუძვნებოდა ერთ პრინციპს - "გათიშე და იბატონე", რის კონტექსტშიც, საზოგადოების ნებისმიერ დონეზე ხალხი ხელოვნურად იყო ერთმანეთთან დაპირისპირებული, ყველა რესპუბლიკაში, ყველა რელიგიის მქონე ჯგუფები, მუდმივ მტრობაში იმყოფებოდნენ და პოლიტიკა აღიქმებოდა როგორც შიშის და სიძულვილის მანიპულირების ხელოვნება.
"7 წლის წინ საქართველო ჯერ კიდევ დანაწევრებული იყო - იზოლირებული საზოგადოებრივი ჯგუფებისგან, რომლებსაც ერთმანეთის ეშინოდათ. ჩვენ შევიმუშავეთ უმცირესობის ინტეგრაციის პროგრამა ყველა სფეროში - უმაღლესი განათლებიდან დაწყებული სამართალდამცავ ორგანოებამდე... საბჭოთა კავშირს კიდევ ერთი მახასიათებელი ჰქონდა: აფსოლიტური ცენტრალიზაცია. 7 ელის წინ საქართველო ჯერ კიდევ მიჯაჭვული იყო დედაქალაქზე, ჩვენ კი მოვახდინეთ ფართო დეცენტრალიზაციის პროგრამის ინიცირება. უზარმაზარი ინვესტიცია ჩავდეთ რეგიონალურ ინფრასტრუქტურაში და ძალაუფლება მივეცით ადგილობრივ მმართველობას. შედეგი ასეთია: რეგიონები, რომლებიც ერთ დროს მიტოვებული იყო, ჩვენი განვითარების გასაოცარ მაგალითებად იქცნენ. "ვარდების რევოლუციამდე" ყველა ძირითადი რეგიონალური პრინციპი პრეზიდენტის მიერ იყო დანერგილი, მაშინ როცა სხვები ვერტიკალური ძალაუფლების აღდგენით და რეგიონებში ავტონომიების გაუქმებით იყვნენ დაკავებულნი. ჩვენ სისტემატურად ვანაწილებდით ძალაუფლებას რეგიონალურად არჩეულ ორგანოებში და ამან მიგვიყვანა მერის პირდაპირ არჩევნებამდე და იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პარლამენტი ქუთაისში, საკონსტიტუციო სასამართლო კი ბათუმში გადავიტანეთ", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა და მის ამ გამოსვლასაც ევროპარლამენტის წევრები ტაშით შეხვდნენ.