უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
ნიკოფოროვმა ასევე უარყო მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს უკრაინამ უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებაზე.
ნიკოფოროვი ასევე აცხადებს, რომ ამ საათებში მხარეები კონსულტაციებს აწარმოებენ, რათა შეათანხმონ მოლაპარაკებათა დრო და ადგილი.
"უკრაინა იყო და არის მზად ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობაზე მოლაპარაკებებისთვის. ეს ჩვენი უცვლელი პოზიციაა. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებაზე. უშუალოდ ამ საათებში მხარეები მართავენ კონსულტაციებს მოლაპარაკებების პროცესის ჩატარების დროსა და ადგილზე. რაც მალე დაიწყება მოლაპარაკებები, მით უფრო მეტი იქნება ნორმალური ცხოვრების აღდგენის შანსი", - დაწერა ნიკიფოროვმა სოციალურ ქსელში.
25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდომისკენ მოუწოდა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, როგორც კი უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან.
მოგვიანებით, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს.