უკრაინაში რუსეთის მიერ დემილიტარიზაციის ოპერაციის დასრულების შემდეგ სიტუაცია ქვეყანაში მოლაპარაკებებს დაუბრუნდება, - ამის შესახებ აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"ჩვენ კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების დეფიციტი არ გვქონია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეიარაღებული ოპერაციის შემდეგ, რომელიც მიმართულია დემოკრატიული წესრიგის აღსადგენად, გენოციდის ელემენტების, ნეონაციზმისა და მილიტარიზმის ელემენტების გარეშე, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაუბრუნდება მოლაპარაკებებს. ჩვენ გვსურს უკრაინა გავათავისუფლოთ მილიტარიზმისა და ნეონაციზმისგან. მივცეთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ხალხს ჰქონდეს თვითგამორკვევის შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი, გარე ზეწოლების გარეშე", - თქვა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, როგორც კი უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან.
"მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. ნებისმიერ მომენტში, როგორც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩვენი პრეზიდენტის მოწოდებას გამოეხმაურებიან და შეწყვეტენ წინააღმდეგობას, დაყრიან იარაღს. მათზე თავდასხმას არავინ აპირებს, არავინ აპირებს მათ დაჩაგვრას, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. უკრაინელ ხალხს კი მივცეთ შესაძლებლობა განსაზღვრონ თავისი მომავალი", - განაცხადა აგრესორი და ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.