მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა არის მეათეხარისხოვანი საკითხი, გაცილებით მნიშვნელოვანი თემებია დღის წესრიგში, - აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, მისი უფლებები არის დაცული, ისევე როგორც ყველა სხვა პატიმრის, ისინი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.
"ამასთან, იცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაც პატიმრობაში იმყოფება, 600-ზე მეტი ვიზიტორი მიიღო და როგორც პირადი, ისე სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის, ასე პენიტენციური ჯანდაცვის სექტორის ექიმების ათეულობით ვიზიტი და კონსულტაცია მიიღო, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ მისი უფლებები, როგორც პატიმრის, არის დაცული, დანარჩენი არის მანიპულაცია და პოლიტიკური გეგმები, რაც პარტიის შიგნით უნდა გაარკვიონ. მესმის, რომ მას აქვს პრობლემები ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ პარტიის შიგნით და ცდილობს ემოციური ნაბიჯებით თუ შიმშილობის გამოცხადებით პარტიის შიგნით ერთიანობა შეინარჩუნოს, თუმცა პროცესი, რასაც საზოგადოება აკვირდება, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არის შეუქცევადი. დესტრუქციული, რადიკალური დღის წესრიგის პარტია, რომელიც არაერთხელ დამარცხდა არჩევნებში, სხვას არ უნდა ელოდოს. სააკაშვილი ბლოკავს პარტიის შიგნით განახლებას, ხელს უშლის ოპოზიციურ სპექტრს მთლიანად განვითარებაში. ამას ცდილობდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, მაგრამ ვერ მიაღწია, ეს გეგმა არის გაკოტრებული, ეს გეგმა ჩავარდა. ის ვერ შეცვლის საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს ამ ნაბიჯებით, რომელსაც მიმართავს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.