რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო "რესპუბლიკებს" დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიას განცხადებით.
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, შეშფოთებით ადევნებს თვალს დონბასში მიმდინარე მოვლენებს.
"უკრაინული მხარის ქმედებებით გამოწვეულმა დაძაბულობის მკვეთრმა ესკალაციაც არ შეიძლება არ გამოიწვიოს შეშფოთება", - ამბობს ბჟანია და დასძენს, რომ "საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთი მზადაა დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს".
"იძულებულნი ვართ, სინანულით აღვნიშნოთ, რომ ოფიციალური კიევი აშკარად უარყოფს კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებებს", - აღნიშნავს ბჟანია.
მისი განცხადებით, "უკრაინა დასავლეთის წაქეზებით მიზანმიმართულად მიდის პროვოკაციაზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მთელი რეგიონის უსაფრთხოებას".
ბჟანია იმედოვნებს, რომ "კიევში საღი აზრი გაიმარჯვებს და კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება".
ბოლო დღეებია, აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობა მწვავდება. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, 19 თებერვალს დაახლოებით 2000-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
კიევის განცხადებით, რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაახლოებით 140-ჯერ გახსნეს ცეცხლი. სეპარატისტები ცეცხლის გახსნაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებენ. კიევი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს.
სეპარატისტული ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკები აცხადებენ, რომ უკრაინას განზრახული აქვს ფართომასშტაბიანი თავდასხმას. თითქოსთა თავდასხმის მოლოდინში, სეპარატისტებმა რუსეთში დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია და საყოველთაო მობილიზცია გამოაცხადეს.
დასავლეთის განცხადებით, კიევის მიმართ გამოთქმული ბრალდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდასხმის შესახებ, უსაფუძვლოა.