ის ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აქ იმყოფება, მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიუნხენში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები, სადაც მთავრობის მეთაური ისაუბრებს სამხრეთ კავკასიაზე და სამშვიდობო ინიციატივებზე.
„ძალიან მნიშვნელოვნია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ზოგადად, მაგრამ განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც უკრაინის გარშემო არის ასეთი დაძაბული სიტუაცია. მსოფლიო თანამეგობრობა ბუნებრივია, იმსჯელებს იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აქ იმყოფება, მოგეხსენებათ, რომ ის პირადად არის მოწვეული ვოლფგანგ იშინგერის მიერ ამ ღონისძიებაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საქართველო იმყოფება გამოწვევებით სავსე რეგიონში და ჩვენ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის მძიმე შედეგები, რაც მოჰყვა 2008 წლის ომს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიციები ბუნებრივია, ყველასთვის საინტერესოა და პრემიერი ყველა დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს ასევე ჩვენს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე. ერთ-ერთი ძალიან წარმომადგენლობითი ღონისძება, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას, სწორედ ჩვენს რეგიონზე იქნება ფოკუსირებული და ამ დისკუსიაში კონცენტრირება იქნება სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან წარმოადგინა.
ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, დაგეგმილია შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რადგან პანდემიის შემდეგ ეკონომიკური გაჯანსაღება და მეტი ინვესტიციის მოზიდვა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.