ოკუპირებული აფხაზეთი გაეროში "დამკვირვებელი სახელმწიფოს" სტატუსს ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ცნობით, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ შესაბამისი მოთხოვნის წერილი გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სახელზე, რუსეთის "საელჩოში" გადასცა "გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს.
დე ფაქტო სამინისტრო გაეროსგან "დამკვირვებელი სახელმწიფოს" სტატუსს ითხოვს, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში.
"ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა. ჩვენ თვითონ მოვყვებით ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას", - განაცხადა არძინბამ.
ამ დროისთვის, გაეროში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით წმინდა საყდარი (კათოლიკური ეკლესიის ეპარქია რომში) და პალესტინა სარგებლობენ.