"იმედი მქონდა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია სხდომათა დარბაზში შემოვიდა, ოდნავ მაინც გააკეთებდა აქცენტს მიმდინარე თემებზე",- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
"სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც დავაანონსეთ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, კახი კალაძემ და მერიამ, საკრებულოსთან ერთად ბოლომდე მიიყვანა. დღეს, ვერცერთ ყვითელ ავტობუსს თუ სამარშრუტო ტაქსს ვერ ნახავთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო იყო. შევქმენით სისტემა, რომლის მიხედვითაც შშმ პირები, სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები უფასოდ ან 10 თეთრიანი ტარიფით მგზავრობენ. ხოლო მათთვის, ვინც ყოველთვის სარგებლობს ტრანსპორტით, დავამატეთ შესაძლებლობა, რომ ლურჯ სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ღირებულება მეტრომანით გადაიხადონ. ერთხელ რომ გადაიხდიან, შემდეგ შეეძლებათ, მთელი 90 წუთის განმავლობაში ისარგებლონ. თვეში ეს ღირს 40 ლარი. დღეს მიეჭრნენ მოსახლეობას და ეკითხებიან, -150 ლარად თვეში, მზად ხართ თუ არა, რომ იმგზავროთო, - ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადების პასუხად, ირაკლი ზარქუამ ასევე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მთელი წლის განმავლობაში სუბსიდირებულია.
„მესამე მიმართულება - ტყე აჩუქესო. ეტყობა, დროში აერია. მოიკითხე, აბა, შენი ბელადი როგორ გადასცემდა 1 ლარად, ხან როგორ ჩუქნიდა ხოლმე თავის პარტიულ მუშაკებს, ხან ტერორისთვის, ხან პარტიული დავალების „კარგად" შესრულებისთვის",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„მეოთხე ტყუილი, რაც თქვა და რეკორდი მოხსნა - 8-სართულიანი კორპუსი ააშენაო, კალაძემ მისცაო. დიახ, ეს პრობლემაა. შენ რომ მუშაობდი მერიაში, სადაც, ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს იღებდი, შენმა მერმა უგულავამ გადასცა ეს მიწა - 366 კვადრატი 580-დან, 2010 წელს გაყიდა, რეკრეაციული ზონა. ახლა, გამოდი და თქვი სიმართლე. თუ მე ტყუილი ვთქვი, მაშინ ბოდიშს მოვიხდი და წავალ პოლიტიკიდან, თუ არადა შენ ადექი და წადი პოლიტიკიდან. არ შეგარჩენ არცერთ ტყუილს. მოდი ადეკვატურობაში. თორემ ის NDI-ის კვლევა პოზიტიურად რომ არის განწყობილი თქვენს მიმართ, ისიც კი გიწერთ, რომ მილევად რეჟიმში ხართ გადასული",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ