ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) გარდაიცვალა, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
"მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. ბოლო დღეების განმავლობაში, იგი საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი", - აღნიშნულია განცხადებაში.
ეპისკოპოსი დიმიტრი 2013-2015 წლებში მართავდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას, ხოლო 2015 წლიდან დღემდე – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას. მას შემდეგ, რაც გასული წლის 19 სექტემბერს, კორონავირუსით ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) გარდაიცვალა, მეუფე დიმიტრი ნეკრესის ეპარქიის დროებით მმართველადაც დაინიშნა.