რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი უკრაინას "ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს და "სტინგერის" საზენიტო-სარაკეტო სისტემებს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბალტიის ქვეყნებმა გადაწყვიტეს უპასუხონ უკრაინის საჭიროებებს და გაუწიონ მას დამატებითი თავდაცვითი დახმარება, მის საზღვრებზე რუსული სამხედრო ზეწოლის გაზრდის გამო.
"ესტონეთი უზრუნველყოფს ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, ხოლო ლატვია და ლიეტუვა "სტინგერის" საზენიტო რაკეტების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიწოდებას, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებები აღნიშნავენ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების მიწოდება აშშ-ის თანხმობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
"ვიმედოვნებთ, რომ უკრაინას ამ შეიარაღების გამოყენების აუცილებლობა არ დაუდგება. მოვუწოდებთ რუსეთს, თავი შეიკავოს აგრესიული და უპასუხისმგებლო ქმედებებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა ამერიკისგან შეძენილი იარაღის უკრანისთვის მიწოდების ნებართვა მისცა.
აშშ-ის ექსპორტის კონტროლის რეგულაციები ავალდებულებს სახელმწიფოებს მიიღონ თანხმობა სახელმწიფო დეპარტამენტისგან, სანამ აშშ-ისგან შეძენილ იარაღს მესამე ქვეყნებს მიაწოდებენ.