პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-20 თებერვალს არის დაგეგმილი.
ჩინეთის სინცზიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევების ფონზე, დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პეკინში ოფიციალურ დელეგაციებს არ გაგზავნიან.
ბოიკოტის მიუხედავად, სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ.
ვინ (არ) გამოუცხადა დიპლომატიური ბოიკოტი პეკინის ოლიმპიადას და რატომ?
დიპლომატიური ბოიკოტი
ლიეტუვა
ბალტიისპირეთის ქვეყანა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დეკემბრის დასაწყისში გადაწყვიტა ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტი. "საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ დაესწრება პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ვილნიუსსა და პეკინს ბოლო თვეებში რთული ურთიერთობა ჰქონდათ, რაც გამოწვეული იყო ლიეტვის ტაივანთან ურთიერთობებით, რომელსაც ჩინეთი მისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.
შეერთებული შტატები
ბაიდენის ადმინისტრაციამ 6 დეკემბერს განაცხადა, რომ პეკინში არ გაგზავნის ოფიციალურ დელეგაციას.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ბოიკოტის მიზეზად დაასახელა "მიმდინარე გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სინცზიანის პროვინციაში".
ავსტრალია
ავსტრალია დიპლომატიურ ბოიკოტს 8 დეკემბერს შეუერთდა.
"ავსტრალიის მთავრობის წარმომადგენლები არ გაემგზავრებიან ჩინეთში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, თუმცა სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას", - თქვა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა.
გაერთიანებული სამეფო
8 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ჩინეთში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო, ოფიციალური დელეგაცია ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება.
კანადა
პეკინის ოლიმპიადიას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამ 8 დეკემბერს გამოუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინეთისთვის კანადის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ უნდა იყოს.
ბელგია
"ფედერალური მთავრობა არ აპირებს წარმომადგენლობის გაგზავნას პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე", - თქვა ბელგიის პრემიერ მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ. ეს გადაწყვეტილება ბრიუსელმა 14 დეკემბერს გამოაცხადა.
დანია
პეკინში ოფიციალურ დიპლომატიურ დელეგაციას არც დანია გაგზავნის.
"არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დანიაში ძალიან შეშფოთებულები ვართ ჩინეთში ადამიანის უფლებების ვითარებით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპე კოფოდმა 14 იანვარს.
ესტონეთი
ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი და მისი მთავრობის წარმომადგენლები არ გაემგზავრებიან პეკინში, თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა 17 იანვარს.
ოლიმპიადას არ დაესწრებიან... პანდემიის გამო
ახალი ზელანდია
ვიცე-პრემიერმა გრანტ რობერტსონმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ ახალი ზელანდია არ გაგზავნის ჩინეთში მთავრობის წარმომადგენლებს. "იყო მთელი რიგი ფაქტორებისა, რამაც ეს განაპირობა, მაგრამ ძირითადად დაკავშირებულია COVID-თან," - თქვა მან.
ავსტრია
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა დეკემბერში განაცხადა, რომ წინააღმდეგია თამაშების პოლიტიზირების, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, ავსტრიიდან მაღალი დონის პოლიტიკოსთა დელეგაცია არ გაემგზავრება.
"მირჩევნია პირადად გავაცილო ჩვენი სპორტსმენები ვენიდან", - თქვა ნეჰამერმა.
სლოვენია
5 იანვარს სლოვენიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ დაესწრება პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას. მიზეზად კორონავირუსის პანდემია დაასახელა.
შვედეთი
შვედეთი არ გაგზავნის მთავრობის წარმომადგენლებს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე COVID-19 პანდემიის გამო, განაცხადა სპორტის მინისტრმა ანდერს იგემანმა 11 იანვარს. თუმცა, "ეს არ არის დიპლომატიური ბოიკოტი", - განმარტა მან.
ნიდერლანდები
14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პეკინის ოლიმპიადაზე ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის ნიდერლანდების მთავრობა. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სპორტულ ღონისძიებას ნიდერლანდელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოფიციალური დელეგაციის არგაგზავნა არ უკავშირდება დიპლომატიურ ბოიკოტს.
იაპონია
იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ ტოკიო არ გაგზავნის უმაღლეს პოლიტიკურ წარმომადგენლობას პეკინში, ნაწილობრივ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. მაგრამ გაგზავნის ოლიმპურ ოფიციალურ პირებს, რომელთაგან ერთ-ერთი ამავდროულად, პარლამენტის წევრი.
ვინ დაესწრება
18 იანვარს პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ოლიმპიურ თამაშებს პრეზიდენტი ანდჟეი დუდა დაესწრება. ის შეუერთდება ევროპის ისეთი ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია და ფინეთი. გარდა ამისა, პეკინის ოლიმპიადაზე ოფიციალურ დელეგაციას გზავნიან ლატვია, რუმინეთი, ჩეხეთი, ირლანდია და საბერძნეთი.
ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ
ოლიმპიადის გახსნამდე ორი კვირით ადრე, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას ჯერაც არ გადაუწყვეტია გაგზავნის თუ არა ოფიციალურ დელეგაციას პეკინში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ცდილობს საკითხის კოორდინირებას ევროკავშირის პარტნიორებთან.
გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. "ამ დროისთვის, ოლიმპიადაზე ესპანეთის ოფიციალური წარმომადგენლობის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია", - აცხადებენ სამინისტროში.
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ პეკინის ოლიმპიადის გახსნას დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩინეთს ადანაშაულებენ მუსლიმი უიღურების მიმართ იძულებით შრომასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებში ჩინეთის სინცზიან-უიღურის რაიონში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჩინეთს ბრალს დებენ ასევე სინცზიანის პროვინციაში მასობრივ დაკავებებსა და წამებაში. იუწყებიან, რომ ამ პროვინციაში ჩინეთმა შექმნა ე.წ. შრომითი ბანაკები, სადაც ასეულ ათასობით უიღურ მოქალაქეებს ამყოფებს.
უიღურთა მასობრივი შევიწროების გამო, წლის დასაწყისში ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ჩინეთის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციები დააწესეს.