სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე ჩადენილი აქვს.
„მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა და ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ. მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ასეთი ხშირი ლაპარაკი შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მდგომარეობა მძიმეა და არ შეიძლება, პატიმრობაში რჩებოდეს. ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიული ჯგუფი იკრიბება და ამ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის იდეების რეალიზაციაზე საუბრობს.
როგორც ვხედავთ, პარტიაში ერთმანეთს ორი თემა დაეჯახა – აირჩიო პარლამენტი და არა ქუჩა, პარლამენტი და არა – სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ არავითარ საპარლამენტო მუშაობას არ ველოდები, რადგან მათი მხრიდან ისევ იქნება მცდელობა იმის, იმ შეგონების რეალიზაცია მოახდინონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ძალისმიერ მოქმედებებთან დაკავშირებით გააჩნია. ჩვენს ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება, ეს არის არეულობა, დაპირისპირება, ხოლო სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო“, – განაცხადა ვოლსკიმ.