სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულმა კანონმა ჩვენი შეშფოთება გამოიწვია და კითხვები გაგვიჩინა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დემოკრატიის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი კომპონენტია კონტროლის, ბალანსისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და მასთან დაკავშირებული პროცესი განხილვას იმსახურებს.
"მე კვლავ ვფიქრობ, რომ ბევრ ამ კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენთვის, როგორც დაინტერესებული მხარისა და ამ ინსტიტუტის მხარდამჭერისთვის, გასაგები უნდა გახდეს, რა იქნება ამ კანონის შედეგი. ეს ინსტიტუტი დემოკრატიის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი კომპონენტია კონტროლის, ბალანსისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასე რომ, მიმაჩნია, ეს სერიოზული საკითხი იმსახურებს განხილვას, ვინაიდან ამ პროცესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოს სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორებიც,“- აღნიშნა ელჩმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 30 დეკემბერს მიიღო კანონი, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - იქმნება.
სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას მუშაობის ვადა 2022 წლის პირველ მარტს ეწურებათ.