83 წლის ასაკში სპორტსმენი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა.
ჯანო ბაგრატიონი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი; იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი, ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი.
ჯანო ბაგრატიონი დაიბადა 1938 წლის 4 აპრილს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1963 წელს; საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1976 წელს. ხელბურთელი, მწვრთნელი, თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში"; 1973-1984წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრის გამგედ; 1984-1987წწ.
თბილისის სპორტის კომიტეტის თავჯდომარე; 1987-1991წწ. საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1991-1993წწ. საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში მინისტრის მოადგილე; 1993-1994წწ. საქართველოს სპორტის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1994 წლიდან საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე;
1996-2004 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი, ერთი მონოგრაფია.
1964 წლის სსრკ ჩემპიონი ხელბურთში, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე.