56 წლის წინ თბილისის მეტროს დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა. მეტროს იუბილესთან დაკავშირებით, მრავალწლიანი სტაჟის მქონე თხუთმეტ თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.
თბილისის მეტროს იუბილეს შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა, რომელმაც დაჯილდოებული პირები დაასახელა.
საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ ჯუმბერ მერაბიშვილს, ავთანდილ ჯანეზაშვილს, იური ენუქიძეს, ალექსანდრე გოგინაშვილს, ვალერიან კავკავაშვილს, გელა იტრიაშვილს, რობიზონ სარდლიშვილს, რევაზ თიკანაშვილს, რევაზ ჩიტაშვილს, ნიკოლოზ დათებაშვილს, გოჩა ლელუაშვილს, ბადრი ქუხილავას, მიხეილ ყიფშიძესა და ვაჟა გიგილაშვილს.
"თბილისის მეტრო გამორჩეულად მოთხოვნადი, უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტია, რომლითაც ყოველდღიურად, დაახლოებით, 200-250 ათასი მგზავრი გადაადგილდება. დღეს, მისი ამოქმედებიდან 56 წელი შესრულდა. თბილისში მეტროს მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წლის შემდეგ, 1966 წლის 11 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთი. ამ ხნის განმავლობაში მეტროს ასობით თანამშრომელი ემსახურება და სწორედ მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. წელს, ტრადიციულად ჯილდოვდებიან ის გამორჩეული თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელია ემსახურებიან ამ საქმეს. მათ საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭებათ. კონკრეტულად ამ თანამშრომლების სტაჟი 32-დან 52 წლამდე მერყეობს, რაც ვფიქრობ, საქმის სიყვარულის და ერთგულების მანიშნებელია. მინდა, ამ ადამიანებს გულწრფელად გადავუხადო მადლობა იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ ამ ქალაქისთვის, აკეთებენ მეტროს გამართული ფუნქციონირებისთვის, რაც ნამდვილად დასაფასებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საპატიო თანამშრომლის წოდება ენიჭება აწ გარდაცვლილ მერაბ ჩადუნელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელმაც 42 წელი იმუშავა თბილისის მეტროში. ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა.
1966 წლის 11 იანვარს, მგზავრებმა პირველად ისარგებლეს თბილისის მეტროპოლიტენის მომსახურებით, რომელიც იმ პერიოდში 6,3 კმ-იან სატრანსპორტო ხაზს აერთიანებდა: "დიდუბე", "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" და "რუსთაველი".