საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ელოდებიან უცხოელ ექიმებს, რომლებიც სააკშვილს მკურნალობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაუწევენ. ამის შესახებ ყიფშიძემ გვიან ღამით, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართულობა აუცილებელია.
"პრეზიდენტი უჩივის საერთო სისუსტეს, გადაადგილების პრობლემები, დისბალანსი. საყურადღებოა ნეიროპათია, ასევე ნეიროდეფიციტი. ამ დღეებში ველოდებით რამდენიმე ექიმს საზღვარგარეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და ამერიკიდან, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ. ეს ექიმები არიან ნევროლოგები და ფსიქო-ნევროლოგები. ესენი უნდა ჩამოსულიყვნენ დღეს და ხვალ, მაგრამ ამ ვირუსმა აურია ყველაფერი. თარიღს დავაზუსტებთ. ჩემი აზრით და ღრმა რწმენით, მგონია, რომ აქ სათანადო მკურნალობას ვერ ვუტარებთ. საუბედუროდ, ამას ვიძახით, მაგრამ ადრეც ვთქვი, რომ აუცილებელია საზღვარგარეთის ექიმების ჩართულობა",- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ფოტო: მთავარი არხი