უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
საქმე ეხება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული დონბასიდან ქვანახშირის უკანონოდ შეძენას.
უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, პოროშენკოს, რომელიც ამჟამად უმაღლესი რადის დეპუტატია, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ უკვე ეცნობა.
გარდა ამისა, პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით.
ამჟამად, პეტრო პოროშენკო საზღვარგარეთ იმყოფება. მისი პარტიის "ევროპული სოლიდარობის" ინფორმაციით, უკრაინის მე-5 პრეზიდენტი არსად გაქცეულა, იმყოფება წინასწარ დაგეგმილ შეხვედრებზე და აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ ოკუპაციის შემდეგ, უკრაინაში შეიქმნა ქვანახშირის დეფიციტი, რომლის საბადოებიც სწორედ კიევის კონტროლს მიღმა არსებულ ტერიტორიებზე იყო.
მწვავე დეფიციტის გამო, კიევმა მოლაპარაკება გამართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ქვანახშირის მიწოდებაზე. თუმცა, რუსეთმა, რომელსაც არ სურდა უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დაშვება, გამოიყენა ბერკეტები, უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს წრეებში, სამხრეთ აფრიკასთან კონტრაქტების გასაწყვეტად.
როგორც იუწყებიან, სავარაუდოდ, რუსეთს ამ გეგმის განხორციელებაში პეტრო პოროშენკო და ამჟამად ოპოზიციონერი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დაეხმარნენ.
პრორუსული პოლიტიკური პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ერთ-ერთი ლიდერ ვიქტორ მედვედჩუკს ოკუპირებული რეგიონებიდან ქვანახშირის მიწოდების საქმეზე ბრალი უკვე წარუდგინეს.
საგამოძიებო ბიურომ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც სავარაუდოდ, ვიქტორ მედვედჩუკი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი ქვანახშირის კონტრაქტების გაფორმებას განიხილავენ. ჩანაწერებში, სავარაუდოდ, მედვედჩუკად მიჩნეული პირი არაერთხელ ახსენებს პეტრო პოროშენკოს სახელს.
მედვედჩკი წაყენებულ ბრალს კატეგორიულად უარყოფს.
ქვანახშირის შეძენაში ღალატის ნიშნებს ვერ ხედავს პოროშენკოს პარტიის აპარატის უფროსი ოლექსანდრ ტურჩინოვი, რომელიც ბრიფინგით გამოეხმაურა პროკურატურის ბრალდებას.
ტურჩინოვის თქმით, უკრაინის ხელისუფლების მიერ წამოწყებული ახალი საქმე პოროშენკოს წინააღმდეგ, ისევე როგორც ყველა წინა, არაფრით დასრულდება.