„საერთაშორისო ქართულ სკოლას" ესტუმრებიან ქართველი ხელოვნები, ცნობილი მხატვრები და მოქანდაკეები, მერაბ ბერძენიშვილი, გია ბუღაძე და გივი თოიძე.
სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისა და მათთან გასაუბრების გარდა, მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას ფერწერული პანოს შექმნაში, რომელსაც პირობითი სათაური - „საქართელო შემოდგომის ფერებში" - ეწოდება.
პანოს დახატვაში ცნობილ ქართველებთან ერთად მონაწილეობას აკადემიის სტუდენტებიც მიიღებენ. თითო სტუდენტი სკოლის რამოდენიმე მოსწავლესთან ერთად საბოლოო ნახატის მცირე მონაკვეთს შეასრულებს, რომელიც საბოლოოდ ერთ დიდ პანოდ აეწყობა.
მხატვრების სტუმრობის შემდეგ, 11:30 საათიდან სკოლაში გაიმართება ტრადიციული ღონისძიება „შემოდგომის დღესასწაული", რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად წარადგენენ სპეციალურად მომზადებულ პროგრამას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. დღესასწაული გაგრძელდება ჩურჩხლების ამოვლებითა და ხილის დაკრეფით, ღონისძიების დასასრულს კი გაიმართება მხიარული სტარტები.
„საერთაშორისო ქართული სკოლა" IGშ 2007 წელს შეიქმნა და მისი მისია მდგომარეობს მოსწავლეთათვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ქართული განათლების მიცემის გზით დამოუკიდებელი, სწორი ღირებულებების მქონე, მრავალმხრივად განვითარებული ქართველების ჩამოყალიბებაში, რომლებიც შეძლებენ უცხო გარემოში ადაპტაციას. სკოლა სრულყოფილ 12-წლიან სწავლებას უზრუნველყოფს. IGშ-ის პრიორიტეტული მიმართულებებია: 1. მშობლიურ ენაზე სწავლება, რაც უზრუველყოფს უკეთეს შემეცნებას; 2. ყველა საგნის გაძლიერებული სწავლება; 3. უცხო ენების სწავლება ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტების პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად; 4. IQ-ს (ზოგადი უნარების) განვითარება ბაღის ასაკიდან, რასაც სკოლა აღწევს IQ-ს განვითარებისთვის უნიკალური პროგრამების დანერგვით და 5. სწავლის სწავლება, რაც გულისხმობს ბავშვებში დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებას.
"საერთაშორისო ქართული სკოლის" სასწავლო პროგრამა ეფუძნება სამი ძირითადი შემადგენლის - ძირითადი საგნების, დამატებითი საგნებისა და კლასგარეშე აქტივობების ჰარმონიულად განხორციელებას. მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარების მიზნით, მშობლიურ ენასთან, მათემატიკასთან და უცხო ენებთან ერთად, მათ უტარდებათ გაკვეთილები განმავითარებელ თამაშებში, ქცევის ეტიკეტში, ჭადრაკში, სასცენო ხელოვნებაში, ცეკვაში, რაგბში, ძერწვასა და კულტუროლოგიაში.
ღონისძიება დღეს, 19 ნოემბერს, 10:00 საათზე, „საერთაშორისო ქართულ სკოლაში" (მის: შარტავას 18ბ) გაიმართება.