ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით დაწყებულ სტუდენტურ კამპანიას - „ავიცრათ ერთმანეთისთვის“, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, აქციის ფარგლებში, „მზიურის“ პარკში ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს. ასევე ფოტო, ვიდეომიმართვები და ბანერზე დატოვებული მესიჯები გაავრცელეს ინტერნეტსივრცეში. როგორც აკადემიის რექტორმა, გიორგი გუგუშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სამხატვრო აკადემიაში ვაქცინაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, პედაგოგების და პერსონალის 87%, ხოლო სტუდენტების 70% უკვე აცრილია.
სტუდენტური თვითმართველობა ყოველკვირეულად აწარმოებს მონიტორინგს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მაგისტრატურაში ვირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა, სტუდენტების გადაწყვიტეს, ყოველ კვირას მოიტანონ ტესტის პასუხები და მხოლოდ ასე შევიდნენ ლექციებზე, ასევე, თუ პედაგოგი არაა ვაქცინირებული და არ ექნება ტესტის პასუხი, სტუდენტებთან ვერ შევა. „ეს ჩვენ არ დაგვივალებია, მათი შეგნება იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებთ სტუდენტებს ახალი რეგულაციების შესახებ, მათ საქმეებში ნაკლებად ვერევით, ამას სტუდენტური თვითმმართველობა აგვარებს. ჩვენი აკადემია შეუერთდა აქციას- „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ და ამ აქციის ფარგლებში, 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, გაიხსნება გამოფენა, რომელშიც მე-3 და მე-4 კურსის 13 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. მივმართავ მთელი ქვეყნის ახალგაზრდებს, პედაგოგებს და, პირველ რიგში, ანტივაქსერებს - გადავარჩინოთ ერთმანეთი, აცრა ერთადერთი გზა არის გადარჩენისათვის“, - განაცხადა გიორგი გუგუშვილმა.