ფოტო: DPA
ევროკავშირი აფრთხილებს რუსეთს, რომ მკაცრი შედეგები მოჰყვება მის ნებისმიერ ახალ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მისამართით კიდევ ერთი მკაცრი გაფრთხილებით გამოდის.
7 დეკემბერს, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი უპასუხოდ არ დატოვებს "ნებისმიერ ახალ აგრესიასა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას ევროკავშირის ქვეყნების ან მათ მეზობლების, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ".
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი, კიდევ უფრო ხისტი სანქციები ამოქმედდება, თუ ის უკრაინაში სამხედრო აგრესიას გადაწყვეტს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა მკაცრად გააკრიტიკა რუსი სამხედროებისა და ტექნიკის მასიური გადაადგილება და თავმოყრა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ.
"უკრაინის „ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის" დარღვევის შემთხვევაში, ევროკავშირი მხარს დაუჭერს კიევს", - ხაზგასმით აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ვიდეომიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთი, გაზის ფასების მანიპულაციის გზით, მოლდოვის ხელისუფლებაზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
"დემოკრატიულმა ქვეყნებმა თავი უნდა დაიცვან ასეთი ცინიკური გეოპოლიტიკური ძალის გავლენისგან", - თქვა მან.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, დასრულდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის ონლაინ სამიტი, სადაც განხილვის ძირითადი თემა უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის ჯარების მასშტაბური კონცენტრაცია იყო.
მანამდე, უკრაინის ირგლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გამართეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
ლიდერებმა გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო და უპირობო მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათ კრემლს სიტუაციის სასწაროფოდ განმუხტვისა და ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდეს.