რუსეთში "ომიკრონი" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ 10 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელთაგან 2 ომიკრონით ინფიცირებული აღმოჩნდა.
ხელისუფლების განცხადებით, იღებენ ყველა საჭირო ზომას რუსეთის მოსახლეობის კოროვირუსის ახალი შტამისგან დასაცავად.
კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529, რომელსაც მოგვიანებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "ომიკრონი" უწოდა, თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რეგიონში, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა.
ამ დროისთვის, ომიკრონის შემთხვევები დაფიქსირდა 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, დანიაში, ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, ისრაელსა და ჰონგ კონგში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი "შემაშფოთებელ" ვარიანტთა ნუსხაში შეიტანა. ახალი შტამის გავრცელების ფონზე, ქვეყნები სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებენ სამხრეთ აფრიკის რეგიონში მდებარე ქვეყნებისთვის. ცოტა ხნის წინ, სამოგზაურო რეგულაციები დააწესა საქართველომაც.