ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალი შტამი "შემაშფოთებელ" ვარიანტთა ნუსხაში შეიტანა.
ორგანიზაციის განცხადებით, წინასწარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი სხვა ვარიანტებთან შედარებით გავრცელების უფრო მაღალი რისკით ხასიათდება. თუმცა რისი თქმაც ახლავე დაბეჯითებით შეიძლება, არის ის, რომ ახალ ვარიანტს შემაშფოთებლად ბევრი მუტაცია აქვს.
ამავე სხდომაზე, კორონავირუსის ახალ ვარიანტს ბერძნული ანბანის მე-15 ასო "ომიკრონი" მიენიჭა.
ვირუსის ახალი ვარიანტი, მანამდე ცნობილი როგორც B.1.1.529, ამჟამად გამოვლენილია სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ კონგსა და ისრაელში.
დღემდე, ჯანმო კორონავირუსის მხოლოდ ოთხ მუტაციას აღწერდა, როგორც "შემაშფოთებელს":
ალფა - ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამი;
ბეტა - სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი შტამი;
გამა - ბრაზილიაში აღმოჩენილი შტამი;
დელტა - ინდოეთში აღმოჩენილი შტამი. ეს უკანასკნელი კვლავ აგრძელებს მუტაციას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, სტიგმატიზაციის თავიდან ასაცილებლად, კორონავირუსის შტამები ბერძნული ანბანის ასოებით დაასათაურა.