ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ზუგდიდის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 47 მილიონ 200 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით შვიდი მილიონით მეტია.
მიმდინარე წლის საწყისი ბიუჯეტი 40 მილიონ 400 000 ლარი იყო.
„მომავალ წელს პრიორიტეტად განათლება, ინფრასტრუქტურა, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება განისაზღვრა. საკრებულოს სხდომა კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდა და მას არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, – აცხადებენ საკრებულოში.
მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება მწვავე პროტესტის ფონზე წარიმართა. "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები წინა მოწვევის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას არაკანონიერად მიიჩნევდნენ და პროცესისთვის ხელის შეშლას ეცადნენ. დაპირისპირებისას პოლიციამ 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი წითლიძის თქმით, რომელიც ზუგდიდში საპროტესტო აქციას ედგა სათავეში, "პოლიციამ თითი მოატეხა".
მწვავე პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა ბათუმის საკრებულოს სხდომაც, სადაც წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. პოლიციამ ბათუმის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული 4 პირი დააკავეს.