რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინა "აფხაზეთის ტელევიზიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ სოხუმის პრიორიტეტია საქართველოს მიერ "აფხაზეთის სუვერენიტეტის" აღიარება.
მისი განცხადებით, ამის მიღწევა არ იქნება იოლი, თუმცა ამ მიმართულებით სვლას დაჟინებით გააგრძელებენ.
"საქართველოს მხრიდან სუვერენიტეტის აღიარება და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა ჩვენი აშკარა პრიორიტეტია. ფაქტია, რომ ეს რთული გზა იქნება და არც სწრაფად მიღწევადია. გასაგებია, რომ იქნება დაბრკოლებები, ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ დაჟინებით ვივლით ამ მიმართულებით", - თქვა ე.წ. მინისტრმა.
ამავე ინტერვიუში, ინალ არძინბა აცხადებს, რომ "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის" ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რუსეთთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გაძლიერებაა.
არძინბა ამბობს, რომ აუცილებელია იმ ქვეყნებთან მუშაობა, რომლებსაც ჯერ არ აქვთ აღიარებული "აფხაზეთის დამოუკიდებლობა". დე ფაქტო მინისტრმა შავი ზღვის რეგიონში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და მას "დაძაბული" უწოდა.
"შეერთებული შტატების, უკრაინისა და საქართველოს ერთობლივი წვრთნები შავ ზღვაში არ უწყობს ხელს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებას და ვითარება მუდმივ მონიტორინგს მოითხოვს", - ამბობს "მინისტრი".
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა 17 ნოემბერს "დაინიშნა".