ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა "ჩვენი ქვეყნის ხარჯზე არ ხდება".
"ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მართალია, ეს ინსტიტუცია უშუალოდ ნატოს სტრუქტურას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი წევრები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობაში მყოფი სახელმწიფოების საპარლამენტო დეპუტატები არიან და ისინი თავიანთი სახელმწიფოების ოფიციალური ხელისუფლების პოზიციებს აფიქსირებენ. ამიტომაც, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, ის, რომ ასამბლეის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი შეიარაღებული დანაყოფების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და მიუთითეს, რომ მოსკოვი არ ასრულებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ადასტურებს, რომ დასავლეთის პოზიცია არის ურყევი _ რუსეთთან ურთიერთობების დათბობა საქართველოს ხარჯზე არ ხდება და ის მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლას ისევ განაგრძობს.
"გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი რეზოლუციები, შესაძლოა, დეოკუპაციის დაწყების საფუძველიც გახდეს, თუმცა ეს მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში", - განმარტა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვარშავაში გამართულ ბოლო საშემოდგომო სესიაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს საკითხზე მორიგი რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციაში, რომლის სახელწოდებაა "სიტუაცია საქართველოში",
აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. ქართული მხარის მოლოდინის შესაბამისად, დოკუმენტში ყოველგავრი განმარტებების გარეშე ჩაიწერა ტერმინები "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა".
გარდა ამისა, რეზოლუციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებს და მისგან, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს, ისე დაჟინებით მოუწოდებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაუბრუნებას ხელი არ შეუშალოს.
ამასთან, ასამბლეა "მიესალმება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსაც" და აღნიშნულ კონტექსტში დოკუმენტში პირდაპირ ჩაიწერა, რომ "საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რასაც ალიანსში შემავალი ყველა ქვეყანა მხარს უჭერს".
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტის აღნიშნული ფორმით მიღებას რუსეთის დელეგაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.