ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო გაიხსნება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ე.წ. საელჩოს გახსნის შესახებ განკარგულებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა.
"აფხაზეთის რესპუბლიკასა და ნიკარაგუას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით, შეიქმნას აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო ქალაქ მანაგუაში", - ნათქვამია ბჟანიას განკარგულებაში.
ნიკარაგუაში 7 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს "დამკვირვებლის" სტატუსით დაესწრო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაშინდელი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე.
როგორც იუწყებიან, ნიკარაგუაში ვიზიტისას, ე.წ. აფხაზურმა დელეგაციამ ხელი მოეწერა შეთანხმებას სოხუმსა და ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუას დაძმობილების შესახებ.
ნიკარაგუამ აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" 2008 წლის 3 სექტმბერს აღიარა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო, გასულ წელს, სირიაშიც გაიხსნა. სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა.