გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ცალკეული ბაზრებისთვის შიდა ტურიზმი გაცილებით სწრაფად აღდგება, ვიდრე საერთაშორისო ტურიზმი.
იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19-მა მნიშვნელოვნად შეცვალა ტურისტების ქცევა და დამოკიდებულება მოგზაურობის მიმართ, საინტერესოა საქართველოს ტურიზმის სექტორის აღდგენის ტრენდისა და შიდა ვიზიტორების ქცევის პოტენციური ცვლილების შეფასება.
Policy and Management Consulting Group-ის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში, შიდა ვიზიტების რაოდენობამ 3.7 მლნ-ს მიაღწია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 18.8%-ით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 12.1%-ით აღემატება.
ამავდროულად, 2021 წლის მეორე კვარტალში, შიდა ვიზიტების რაოდენობამ კვლავ განაგრძო ზრდა და 4.2 მლნ-ს მიაღწია, რაც 27%-ით აღემატება ამავე პერიოდის პრე-პანდემიურ მაჩვენებელს (2019), ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით, ვიზიტთა რაოდენობა გაორმაგებულია.
"უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოგზაურობის მიზნის მიხედვით ვიზიტების განაწილებაშიც შეინიშნება. „მეგობრების/ ნათესავების მონახულება“ კვლავ უმსხვილეს მიზნობრივ ჯგუფად რჩება, თუმცა, ამ კატეგორიის წილმა 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წლიური კლება განიცადა, რაც შესაძლოა ვირუსის გავრცელების შიშითა და დაწესებული შეზღუდვებით აიხსნას. 2021 წლის მეორე კვარტალში, აღნიშნული კატეგორიის წილი 47%-ს შეადგენდა, რაც 3.4 პროცენტული პუნქტთაა (პპ) ნაკლები 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე", - აცხადებენ Policy and Management Consulting Group-ში.
2020 წლის მეოთხე კვარტალში, ამავე წლის მესამე კვარტალთან შედარებით, „რეკრეაციის“ წილი მნიშვნელოვნად 12 პპ-ით (15.2%- დან 3.2%-მდე) შემცირდა, რაც ნაწილობრივ სეზონურობითა და მეოთხე კვარტალში დაწესებული შეზღუდვებით აიხსნება. 2021 წელს, აღნიშნული კატეგორიის წილი მცირედით გაიზარდა და 2021 წლის მეორე კვარტალში 7.0%-ს მიაღწია, რაც 1.5 პპ-ით აღემატება 2020 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და 1.8 პპ-ით ნაკლებია 2019 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელზე.
2019 წლიდან მოყოლებული შიდა ვიზიტორების დანახარჯების სტრუქტურაში ცვალებადობა შეინიშნება. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 და 2020 წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით, 2020 წლის მეოთხე კვარტლიდან მოყოლებული შიდა ვიზიტორების დანახარჯები მნიშნელოვნადაა გაზრდილი, რაც ნაწილობრივ შესაძლოა ინფლაციური წნეხით აიხსნას, ვინაიდან დანახარჯების სტრუქტურის უმსხვილეს კატეგორიებს შორისაა დანახარჯები საკვებსა და სასმელზე, შოპინგზე და ტრანსპორტზე, რომელთა ფასებიც პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2021 წლის მეორე კვარტალში შიდა ვიზიტორების დანახარჯებმა 610 მლნ ლარს მიაღწია, რაც 70.7%-ით მეტია 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს 128.1%-ით აღემატება.
"საბოლოოდ, შიდა ვიტიზორების მზარდი რაოდენობისა და დანახარჯების დადებითი დინამიკის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოსთვის შიდა ტურიზმმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტურიზმის სექტორზე პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური ეფექტის შერბილებისა და ტურიზმის აღდგენის პროცესში.
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის ოქტომბერში, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით, 1.5%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 4.2%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2.8%-ით გაიზარდა. 2021 წლის ოქტომბერში, 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 1.4%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.8%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.3%- ით გაიზარდა.
2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 246 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ოქტომბერში 99 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ოქტომბერში 436 ლარი შეადგინა. კახეთში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 615 ლარი შეადგინა, თბილისში - 588 ლარი, აჭარაში - 416 ლარი, ხოლო გურიაში - 403 ლარი", - აცხადებენ Policy and Management Consulting Group-ში.