ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა.
ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიცია ადამიანებს უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აკავებს.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, სახელმწიფო შენობის პიკეტირება, ბლოკირება დაუშვებელია.
ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით, როგორც ჩანს პოლიციელებს ბრძანება აქვთ მიღებული, რომ განურჩევლად ყველა დააკავონ.
"ამ ხელისუფლების მზე ესვენება, ყველაფერი ნათელია და ახლა არიან ბოლო გავეშებულ იერიშზე გადმოსულები. ხალხი იდგა ჩვეულებრივ არაფერს აშავებდნენ. უცბად გამოვარდნენ პოლიციელები და მასობრივად დაიწყეს დაკავებები. მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ბევრი ხალხი დაეჭირათ, პირველად ეცნენ შედარებით აქტიურ ადამიანებს და შემდეგ გადავიდნენ სხვებზე. როგორც ჩანს, ბრძანებაა გაცემული დააკავეთ ყველა განურჩევლად", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპროტესტო აქციები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე დაანონსა. სუს-ის შენობის პარალალურად, აქციები იმართება იუსტიციის სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან.