ავსტრიის ქალაქ გრაცში დასრულებულ ლეო შეუს 37-ე მემორიალზე ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის ქართულმა წყვილმა ყინულზე ცეკვის ტურნირში ვერცხლის მედლები მოიპოვა.
შეჯიბრში სულ 11 წყვილი გამოვიდა, რომელთაგან საუკეთესო შედეგი (121.52 ქულა) ბრიტანელებს (ვალდენი-ედვარდსი) აღმოაჩნდათ, ქართველებმა კი ორივე საშეჯიბრო დღეს სტაბილურად იასპარეზეს და 119.43 ქულით მე-2 ადგილი დაიკავეს.
რიდსა და ჯაფარიძეს როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში მე-2 შედეგი ჰქონდათ. ელისონმა და ოთარმა პირველ ცეკვაში 48.11 ქულა მიიღეს, მეორესთვის კი 71.32 ქულა ერგოთ.
ცნობისთვის, მარტის ბოლოს იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე რიდისა და ჯაფარიძის წყვილი სავალდებულო და ორიგინალური პროგრამების შემდეგ 21-ე საფეხურზე აღმოაჩნდა და ფინალამდე ერთი ადგილი დააკლდა.