სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გადაწყვეტილებით, დღეიდან, 2021 წლის 4 ნოემბრიდან, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები აეროდრომის ხელოვნურ საფარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და გადაცემის ახალ გლობალურ ფორმატზე (GRF) გადავიდნენ, რაც აეროდრომების ხელოვნურ საფარზე არსებული მდგომარეობის ერთგვაროვან, გლობალური ფორმატში და შესაბამისი კოდირებით გადაცემასა და გამოქვეყნებას ითვალისწინებს.
აღნიშნული ცვლილება ICAO-ს მიერ ინიცირებულ იქნა 2019 წელს, რაც განპირობებული იყო წლების განმავლობაში, ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან საჰაერო ხომალდების გადასვლის სტატისტიკის ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე. შესაბამისი რისკების შემცირების მიზნით, ცვლილებები განხორციელდა ICAO-ს მთელ რიგ ოფიციალურ დოკუმენტებში (Annex 3, Annex 6, Annex 8, Annex 14, Annex 15, PANS AIM, PANS Aerodromes, PANS ATM) რომელთა დანერგვაც წევრი სახელმწიფოებისათვის სავალდებულო გახდა 2021 წლის 4 ნოემბრამდე.
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების და საავიაციო უსაფრთხოების არსებული სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, „ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხელოვნურ საფარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და შეტყობინების წესი“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2021 წლის 12 აგვისტოს მიიღო. სააგენტოს ინიციატივით, ნორმატიული აქტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოქმედი აეროდრომების ექსპლუატანტების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსა და ავიაკომპანიების წარმომადგენლები. ამასთან, ავიასაწარმოების მიერ განხორციელდა, აღნიშნული საკითხის ურთიერთკოორდინაცია, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მომზადება და სამუშაო პროცედურების შემუშავება.
შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფერო სრულად მომზადებული შეხვდა საერთაშორისო ცვლილებებს და დღეიდან, საქართველოს სამოქალაქო აეროდრომები და სააერნაოსნო მომსახურების საწარმო გადავიდნენ GRF ფორმატზე.