სომხეთი მზადაა მთიანი ყარაბაღის პრობლემის ირგვლივ დათმობებზე წავიდეს, მაგრამ თუკი მას აიძულებენ, იგი ასევე მზადაა მიიტანოს დამანგრეველი და საბოლოო დარტყმა. ეს განცხადება ერევანში სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტის ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მთიან ყარაბაღში არმიის მიერ ჩატარებული წვრთნის შემდეგ განაცხადა.
ერევანში სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტი იუწყება, რომ მთიან ყარაბაღში მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ასევე განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ნანახი - შთამბეჭდავია და კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ "არმია ყოველთვიურად და ყოველი წლის გასვლის შემდეგ სულ უფრო და უფრო სრულყოფილებას აღწევს და უფრო ბრძოლისუნარიანი, ორგანიზებული, მართვადი და დისციპლინირებული ხდება".
"ის რაც ჩვენ გვაქვს, საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენს სავარაუდო მოწინააღმდეგეს დამანგრეველი დარტყმა მივაყენოთ, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულზე გაჩერებას, ჩვენ გამუდმებით ვიზრუნებთ ჩვენი შეიარაღებული შესაძლებლობების გაზრდისათვის, ვინაიდან მეზობელ რესპუბლიკაში მეტად საფრთხის შემცველი პროცესები ხდება. ყველა თავიანთ წარუმატებლობას ისინი სომხებს უკავშირებენ. ამ ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა კი ანტისომხური ისტერიაა", _ განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
სარგსიანი ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ლიდერები "თავიანთ ხალხს ომისათვის ამზადებენ", მაშინ როდესაც სომხეთი თავიანთ ხალხს მშვიდობისათვის ამზადებს და პრობლემის მოგვარების მშვიდობიან გზაზე საუბრობს.
"ჩვენ საჯაროდ ვაცხადებთ: დიახ, მზად ვართ დათმობებზე წავიდეთ, მზად ვართ საკითხის გადასაჭრელად, თუკი საბოლოოდ განისაზღვრება მთიანი-ყარაბაღის სტატუსი ანუ მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხი", _ აცხადებს სარგსიანი.
ამავე დროს სომხეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მოვა დრო, როდესაც ყარაბაღის საკითხი დაიხურება.
"რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიოთ? ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ კეთილგონიერნი და მზად. არავის უნდა შეეპაროს ეჭვის ჩვენს სიმყარეში, ისევე როგორც მე არ მეპარება ამაში ეჭვი.
იმის გამო, რომ გრძელდება პროვოკაციები, დაცხრილვები, იღუპება ხალხი არც თუ ისე ყველა აქცევს ჯეროვან ყურადღებას აზერბაიჯანის მოქმედებებს", _ აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, კეთილგონიერების მოხმობით, სწავლებები, რომლებიც მაქსიმალურადაა მიახლოებული საბრძოლო მოქმედებებთან "სხვებისათვის და გაფრთხილებად უნდა იქცეს, ჩვენთვის კი ეს ცხოვრების ნორმა უნდა გახდეს".
ამასთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ "მრავალმა იმ ადამიანმა, რომელიც იარაღს აჟღარუნებდა და სომხეთს აშინებდა თავისი ეს ოცნებები სამარეში წაიღო".
"გამუდმებით საუბრობენ ომზე, აჟღარუნებენ იარაღს და ჩვენს დაშინებას ცდილობენ. ჩვენ ყველამ ეს გზა უკვე გავიარეთ. აქ იმყოფებიან ჩემი მეომარი მეგობრები, ოფიცრები და უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც ახსოვთ, 1992 წლის დასაწყისში, აზერბაიჯანში ყველა ვისაც კი არ ეზარებოდა, საუბრობდა იმაზე თუ როგორ დალევდნენ ჩაის სტეპანაკერტში ან შუშაში. მრავალმა მათგანმა თავისი ოცნებები სამარეში წაიღო", _ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ "მაშინ მათ ეჩვენებოდათ, რომ ძალიან ძლიერები არიან და ამ პრობლემის გადაჭრას შეძლებენ, თან უმოკლეს დროში. ჩვენ არასოდეს გვინდოდა ომი, მაგრამ მაშინ, ჩვენ იძულებულნი ვიყავით სამშობლო დაგვეცვა.
თუკი დადგება დრო, და ჩვენ ამას გვაიძულებენ, ამჯერად უკვე ჩვენი დარტყმა დამანგრეველი და საბოლოო უნდა იყოს".