საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის (შემადგენლობა - 749 ჯარისკაცი) სამხედროები ავღანეთიდან საქართველოში ბრუნდებიან. ქართველი ჯარისკაცები, ომლებიც აშშ-ს კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ, საქართველოში დღეს, 19:30 სთ-ზე ჩამოვლენ. სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე და ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დახვდებიან.
ქართველი სამხედროების როტაციის წესით ჩანაცვლება მიმდინარე წლის ნოემბრის თვის ბოლომდე დასრულდება. 31-ე ბატალიონს მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ეტაპობრივად ენაცვლება.
ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 32-ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისათვის ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს.
ცნობისათვის: სპეციალური მომზადება 32-ე ბატალიონმა ვაზიანის და სასწავლო ცენტრ კრწანისის მოსამზადებელ ბაზებზე გაიარა; ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ს გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (ჟMღჩ) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.