2017 წლიდან მოყოლებული ვცდილობ და მომავალშიც ვაპირებ ასე გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, არასდროს დამიყვია ადამიანები პოლიტიკური ნიშნით, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, თბილისი ერთია და ის ყველასია.
„იქნება ეს გადაწყვეტილებები, დახმარებები, სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამები თუ სხვა, არასდროს ადამიანები არ დამიყვია პოლიტიკური ნიშნით. ამდენად, შემთხვევითი არ არის ის მხარდაჭერა და სიყვარული, რომელიც მაქვს საზოგადოების მხრიდან. ეს გამოწვეულია ამ ნაბიჯებით. ამიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი-ვინც მხარს მიჭერს ან არ მიჭერს. მე ვარ და ვიქნები ყველას მერი, მელიას მერიც ვიქნები და იმ რადიკალური ძალის მერიც, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება. ეს ჭირდება ჩემს ქალაქს და ჩემს ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურში თბილისელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ.
„ვფიქრობ, ბოლო 4 წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთე. ხვალ ყველაფერი დამოკიდებულია თბილისელებზე და მე დარწმუნებული ვარ, ვისაც უყვარს ეს ქალაქი და სურს მისი განვითარება, ხმას მისცემს სიმშვიდეს, სტაბილურობას და აღმშენებლობას,“- განაცხადა კახა კალაძემ.