რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ კონგრესის შუალედურ არჩევნებში, რომელიც მომავალ წელს არის დაგეგმილი, მონაწილეობას არ მიიღებს.
43 წლის პოლიტიკოსი ილინოისის შტატიდან თავის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განმარტავს.
კინზინგერის თქმით, 10 წელზე მეტის ხნის წინ, როდესაც პირველად ჩაერთო კონგრესის წინასაარჩევნო კამპანიაში, საკუთარ თავს დაპირდა, რომ "თუ ოდესმე ვიფიქრებდი, რომ კონგრესის დატოვების დრო იყო, ამას აუცილებლად გავაკეთებდი და სწორედ ახლა დადგა ის დრო".
"ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ მხოლოდ გაიზარდა. ცვლილებების განხორციელების სურვილი იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე მქონია. ჩემი იმედგაცურება ლიდერების მიმართ, რომლებიც არ ლიდერობენ, განუზომელია. ბრძოლის ველი უფრო ფართო უნდა იყოს და ჭეშმარიტებამ ყველა ამერიკელამდე უნდა მიაღწიოს მთელი ქვეყნის მასშტაბით", - ამბობს კონგრესმენი.
ამასთან, ადამ კინზინგერმა ხაზი გაუსვა, რომ იგი არ ტოვებს პოლიტიკურ ასპარეზს.
"ეს არის არა ჩემი პოლიტიკური მომავლის დასასრული, არამედ დასაწყისი", - დასძინა კინზინგერმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა რომელიმე არჩევითი თანამდებობის მოსაპოვებლად ბრძოლას.
კინზინგერი, ერაყისა და ავღანეთის ომის ვეტერანია, იგი მსახურობს კონგრესში 2011 წლიდან. კონგრესმენი ხშირად ემიჯნება თავის პარტიას ტრამპთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ადამ კინზინგერი ხშირად გმობდა ტრამპის განცხადებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, მან ასევე მკაცრად დაგმო კაპიტოლიუმზე 6 იანვარს მომხდარი თავდასხმა.
კონგრესმენი კინზინგერი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ის ამ დრომდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა. კონგრესმენი რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში.