ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 25 იანვარს, ქურდობისთვის ნასამართლევი პირები დანის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და ავტომობილი გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 26 და 28 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არერთგზის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.