საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი კალე ლაანეტი იმყოფება. ესტონელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით ესტონეთის მხარდაჭერა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ესტონეთის მხარდაჭერაზე უწყების ინსტიტუციური განვითარების, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების მიმართულებით. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული კიბერუსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების საქმეში ესტონეთის მნიშვნელოვან წვლილს.
საუბარი, ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. თავდაცვის უწებაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კოლეგებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონელ კოლეგას ვიზიტისთვის და უწყებებს შორის არსებული სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას კვლავ განაგრძობენ.
კალე ლაანეტის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს სამხედრო სფერშო ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ. მისი თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა და სამხედრო სფეროში გამოცდილების გაზიარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა წარმატებული პარტნიორობა თავდაცვის უწყებებს შორის და ხაზი გაესვა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მთავარი საყრდენი კიბერუსაფრთხოებაა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. საუბარი შეეხო ესტონელი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას საერთაშორისო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში -„მტკიცე სული 2021“.
კალე ლაანეტმა მთავრობის მეთაურს დაუდასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა ესტონეთის წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.