22 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ (EFSE) და ფონდი "მწვანე ზრდისთვის“ (GGF) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში - მედლის ორი მხარე: სავალუტო დებატები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძესა და პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) აღმასრულებელ დირექტორს ალექსი ალექსიშვილს შორის. სესიის მოდერატორი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლის უფროსი მკვლევარი და ეკონომიკის ექსპერტი დანაე კირიაკოპულუ იყო.
დებატების დროს კობა გვენეტაძემ ისაუბრა დედოლარიზაციის მნიშვნელობაზე და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების წარმატებულ შედეგებზე. მისი თქმით, დოლარიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
"დედოლარიზაციის ღონისძიებების მიზანია გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რაშიც კერძო სექტორს წამყვანი როლი აქვს და რისთვისაც საჭიროა ისეთი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც კერძო სექტორს უფრო მეტად ეფექტიანს გახდის. სწორედ ამის გამო, ფასების სტაბილურობა და ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა ცენტრალური ბანკის მანდატია და დედოლარიზაცია ორივე ამოცანის შესრულებისთვის მნიშვნელოვანია. სტაბილური მაკროფინანსური გარემო, რომელიც უპირობოდ გულისხმობს უფრო დაბალ დოლარიზაციას, კერძო სექტორს ეხმარება, რომ ძალისხმევა მისი მთავარი ფუნქციისკენ - ეკონომიკური ზრდისკენ მიმართოს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და EFSE-ის შორის თანამშრომლობა 2010 წელს დაიწყო. ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს. ერთობლივად სხვადასხვა პროექტები განხორციელდა, ძირითადად, ადგილობრივი მეურნეობებისა და საწარმოების თანამშრომლების ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიზნით.