8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსულობებმა 11.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 64.3%-ია, აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
უწყების ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით შემოსულობები 16.8 მლრდ ლარით, ხოლო გადასახდელები 18.4 მლრდ ლარით განისაზღვრა. ივლისში, ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 17.9 მლრდ ლარამდე (7%-ით), გადასახდელების კი 19.5 მლრდ ლარამდე (6.1%-ით) გაიზარდა.
"8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსულობებმა 11.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 64.3%-ია. აღსანიშნავია, რომ 9 თვის გეგმაზე გადაჭარბებით სრულდება საგადასახადო შემოსავლების ყველა კომპონენტი. ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლოსაც მოსალოდნელია დაგეგმილზე მეტი ოდენობის საგადასახადო შემოსავლების მიღება.
რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, 8 თვის მდგომარეობით ათვისების მაჩვენებელი წლიური გეგმის 65.9%-ს (12.9 მლრდ ლარს), ხოლო 9 თვის გეგმის 86.5%-ს შეადგენს. გადასახდელების შესრულების მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ გამოწვეულია აპრილში 500 მლნ აშშ დოლარის (1.7 მლრდ ლარი) ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციების დაფარვით, რისი გამორიცხვითაც, შესრულება წლიური გეგმის 62.9%-ია.
პირველ ორ კვარტალში დაგეგმილი გადასახდელებიდან აუთვისებელმა თანხამ, ჯამურად, 428 მლნ ლარი შეადგინა. წლიური გეგმის შესრულების შემთხვევაში, წლის ბოლო ოთხ თვეში გადასახდელების საშუალოთვიური მაჩვენებელი (ევროობლიგაციის დაფარვის ეფექტის გამორიცხვით) პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელს 19.0%-ით გადააჭარბებს.
საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში, საყურადღებოა, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები, რაც გამოიხატება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ ხარჯთაღრიცხვის ცვლილებებსა და დაბალი ათვისების მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების არსებობაში. კერძოდ:
ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში ადგილი აქვს თანხების მობილიზებას ისეთი ღონისძიებების/პროექტების დასაფინანსებლად, რომელთა სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ასიგნებების გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე;
2021 წლის 8 თვის განმავლობაში 18 ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებები არ იქნა ათვისებული. აქედან გამომდინარე, წლის ბოლომდე ამ ქვეპროგრამებისთვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად გამოყენება ნაკლებ სავარაუდოა;
გარკვეული პროგრამები/ქვეპროგრამები ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით 8 თვეში ათვისებული ასიგნებების მაჩვენებელი 60%-ზე ნაკლებია 24 პროგრამისა და 69 ქვეპროგრამისთვის;
ზოგიერთი პროგრამა/ქვეპროგრამა, რომელსაც 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით ათვისების მაღალი მაჩვენებელი აქვს, ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ წლიურ გეგმასთან შედარებით შესრულების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება, რაც გამოწვეულია პროგრამებისთვის/ქვეპროგრამებისთვის განკუთვნილი ასიგნებების აუთვისებელი ნაწილის გადანაწილებით სხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე.
პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით გამოიყო 977 მლნ ლარი. კანონში განხორციელებული ცვლილებით დაფინანსების მოცულობა 1.4 მლრდ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გამოიყო 871 მლნ ლარი, სოციალური დაცვის მიმართულებით 250 მლნ ლარი, ხოლო ბიზნესის/ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 277 მლნ ლარი. 8 თვის მდგომარეობით ათვისების მაჩვენებელი 75.2%-ს (1.1 მლრდ ლარს) შეადგენს", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
2021 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 30.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2020 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე 292 მლნ ლარით ნაკლებია. სახელმწიფო ვალის მოცულობა ბიუჯეტის კანონით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლის (32.3 მლრდ ლარი) 94.6%-ია.
მთავრობის ვალი 31 აგვისტოს მდგომარეობით 29.1 მლრდ ლარია და 2020 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 592 მლნ ლარით. ვალის ნაშთის შემცირება ძირითადად გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გამყარებითა (1.8 მლრდ ლარი) და საშინაო ვალის ნაშთის შემცირებით (713 მლნ ლარი).
8 თვის მდგომარეობით, საგარეო წყაროებიდან მოზიდული რესურსით დაფინანსებული ზოგიერთი საინვესტიციო პროექტი ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. კერძოდ, 16 პროექტის შემთხვევაში, საკრედიტო რესურსის ათვისების მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 40%-ზე ნაკლებია, მათ შორის 6 პროექტის შემთხვევაში ადგილი აქვს ნულოვან ათვისებას. აღნიშნულ პროექტებზე 9 თვის გეგმით ჯამურად გათვალისწინებულია 209.7 მლნ ლარის მიმართვა, საიდანაც 8 თვის მდგომარეობით ათვისებულია მხოლოდ 10% (20.9 მლნ ლარი).