მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.4-ჯერ გაიზარდა.
2021 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 500 853 ვიზიტორი ეწვია. ვიზიტორთა შორის 48% საქართველოს (242 601), ხოლო 52% (258 252) სხვა ქვეყნის მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 10.4 -ჯერ.
2021 წელს, 9 თვის განმავლობაში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია შემდეგ ტერიტორიებს:
1. მარტვილის კანიონი
2. პრომეთეს მღვიმე
3. ყაზბეგის ეროვნული პარკი
4. ოკაცეს კანიონი
5. მტირალას ეროვნული პარკი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. პანდემიის მიუხედავად, გასულ და მიმდინარე წელს შეუჩერებლად მიმდინარეობდა მუშაობა ახალი ეკოტურისტული ობიექტების შექმნაზე; შედეგად, გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტი "თეთრა მღვიმე", ასევე, საქართველოში პირველი, მრავალფუნქციური ეკოტურისტული სივრცის, წალკის კანიონის ნაწილი, სადაც მოგზაურობა ჩანჩქერამდე მიმავალ ახალ ბილიკზეა შესაძლებელი, ოკაცეს ჩანჩქერზე განახლდა 700 მეტრიანი ზიპლაინი, მოეწყო ახალი ბილიკები, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში, სათაფლიაში.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა შესაძლებელია საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. იმოგზაურეთ და გაიცანით უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა!