გურჯაანში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ცოლ-ქმარს მეზობელმა სანადირო თოფიდან დღეს, 19 ოქტომბერს ესროლა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კაცი კი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს - გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებულია 1 პირი, რომელიც გარდაცვლილების ნათესავია.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.