თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. კალაძე აღნიშნავს, რომ 2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე! სამუდამოდ დასრულდეს ბოლშევიზმი, ბოროტება და სიძულვილი.
"მივესალმები ჩემს თბილისს, ჩემს თანაქალაქელებს! პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თითოეულ ამომრჩეველს.
გასული ორი თვის განმავლობაში, თბილისელებს ჩაგაბარეთ დეტალური ანგარიში იმის შესახებ, თუ რა გავაკეთე ქალაქისთვის წინა 4 წლის მანძილზე, როგორ წარმომიდგენია თბილისის განვითარება და რას ვგეგმავ შემდეგი 4 წლისთვის.
ამ დროის განმავლობაში, უპრეცედენტო აგრესიის, სიძულვილისა და სიცრუის კამპანიის ობიექტი გავხდით მე, ჩემი მეუღლე, მშობლები და რაც ალბათ, ყველაზე მძიმეა, ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც კი.
მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, ბოლომდე წარმემართა ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ. თბილისელებს შევთავაზეთ კიდეც დეტალური საარჩევნო პროგრამა და არაერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც, მჯერა, თბილისს კიდევ უფრო განვითარებულ, ევროპულ, ლამაზ, მწვანე და მიმზიდველ ქალაქად აქცევს, შეიტანს მეტ სიცოცხლეს თბილისის ყველა უბანში.
სამწუხაროდ, არც ერთი ჩემი ოპონენტისგან საზოგადოებას არ მოუსმენია ერთი ფასეული წინადადებაც კი თბილისის განვითარების შესახებ. ამის ნაცვლად, მთელი მათი კამპანია ხელისუფლების გადატრიალებაზე, არეულობის შექმნასა და ე.წ. რეფერენდუმზე იყო აგებული. მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს კი დღემდე ქვეყნისა და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა.
მეგობრებო, მყარ მომავალს მყარი ფუნდამენტი განაპირობებს, რომელიც წარსულის სწორ ანალიზს ეფუძნება. პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს მეორე ტურში გვიპირისპირდება, თბილისმა განაჩენი დიდი ხნის წინ გამოუტანა, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი... ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის ის ბნელი წარსულია, რომელსაც არასდროს, არასდროს დავუბრუნდებით, თუმცა, არც უნდა დავივიწყოთ, რომ ვიცოდეთ, რა გზა გამოვიარეთ და რა შეცდომები დავუშვით.
2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე! თითოეული ამომრჩევლის ხმა კი ამ საქმეში გადამწყვეტია. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, თითოეული მოქალაქის მიმართ 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში!
შენ, ვისაც გახსოვს ბნელი წარსული და უარს ამბობ მასზე, შენ, ვინც ფიქრობ მომავალზე და ზუსტად იცი, როგორ ქალაქში გინდა იცხოვრო, აუცილებლად უნდა მოხვიდე 30 ოქტომბერს არჩევნებზე.
თბილისს და საქართველოს არ სჭირდება რევანში და არეულობა, არამედ სჭირდება პროგრესი და მშვიდობა. მჯერა, 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და არეულობაზე!
30 ოქტომბერს გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო!
გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!“