შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ხვალ საქართველოს ეწვევა. ევროპული ტურნეს ფარგლებში მდივანი ოსტინი ასევე ეწვევა უკრაინასა და რუმინეთს, ხოლო ვიზიტის დასასრულს მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში.
თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მდივანი ოსტინი დაარწმუნებს ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომ ამერიკა მათ მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე.
უკრაინასა და საქართველოში ვიზიტისას პენტაგონის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ თბილისისა და კიევისთვის ნატო-ს კარი კვლავ ღიაა და მოუწოდებს ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას, შეასრულონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის მოთხოვნები.
"სამივე სახელმწიფოს გასასვლელი აქვს შავ ზღვაზე, ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინისა და რუმინეთის ლიდერებს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ესაუბრება“, - ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, "ოსტინი შეხვდება ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც მუშაობენ ქართველ, უკრაინელ და რუმინელ სამხედროებთან".
საქართველოში სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით.
ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.