კომპანიამ „NUTSGE“ თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტი კი, შეღავათიანი აგროკრედიტი. ზუგდიდში მდებარე საწარმოში, სადაც 2, 000 ტონამდე პროდუქციის გადამუშავებაა შესაძლებელი, 50 ადამიანია დასაქმებული.
წარმოებული პროდუქციის ექსპორტი აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ხორციელდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი სახელწიფო ხელშეწყობით შექმნილ თხილის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში, მათ შორის, კომპანიის „NUTSGE“, იწარმოება მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ხორციელდება“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში თხილის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაცემულია 24,5 მლნ ლარის ღირებულების 150 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ კი, 6,5 მლნ ლარი შეადგინა.