საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენს და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა დღეს ჟურნალისტებს გააცნო.
სააკაშვილის თქმით, მისი გათავისუფლების ტემპი მხარდამჭერების ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული.
„მეგობრებო, თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო, უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით. თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რა თქმა უნდა რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა, ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენს და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები. ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და გარეთ რომ ვიქნები, ზუსტად ვიცი, ერთად სასწაულებს მოვახდენთ.
ჩემი გათავისუფლების ბრძოლის პარალელურად, ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებზე გამარჯვებისთვის. გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები. ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო კი ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. ასევე მინდა, მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მრავალი ათასი ემიგრანტი. ვიცი, გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად“, – ნათქვამია წერილში.