საქართველოს პროკურატურამ, „Facebook“-ის გვერდებზე უნებართვო შეღწევის და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ წარსულში ანალოგური ქმედებისათვის ნასამართლევმა პირმა, უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის, „Facebook“ გვერდზე და მისი სახელით დაუკავშირდა მოქალაქეებს , მოტყუებით გამოართვა მათ ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები, რისი საშუალებითაც მოიპოვა წვდომა მათ ინტერნეტ ბანკებზე, გააკეთა სწრაფი სესხები და დაეუფლა სხვადასხვა თანხებს.
ბრალდებული, „Facebook“-ის გამოყენებით შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხას, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე ირიცხავდა, ხოლო შემდეგ - საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებით, ამ დროისთვის დადგენილია, რომ დაზარალებულია 14 პირი და ბრალდებული დაეუფლა 76 708 ლარს. გამოძიების შედეგად, შესაძლოა, გაიზარდოს დაზარებულ პირთა წრე და მათთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ( თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა, რამაც მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ე.ი.სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა არაერთგზის) 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.