საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით, მოქმედი მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა. პროექტი იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა საფინანსო სექტორის მარეგულირებელთა მიერ მათ შორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული ნორმატიული აქტებისა და პრინციპების გაცნობას. ორდღიან ონლაინ შეხვედრას ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები უძღვებოდნენ.
სპეციალურად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შემუშავებული სასწავლო მოდული ფოკუსირებული იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ასევე, საგადახდო სისტემების კანონმდებლობისა და მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის შეფასების საკითხებზე.
ტრენინგის ფარგლებში მოსამართლეებს და მათ თანაშემწეებს გაეცნოთ ის ძირითადი პრინციპები და მიდგომები, რომელსაც ეფუძნება ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მარეგულირებელი ჩარჩო ასევე, მათი ხედვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
აღინიშნა, რომ მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს მარეგულირებლებსა და სასამართლოს შორის სამომავლო თანამშრომლობას, მათ შორის სასამართლო პრაქტიკის გაზიარებას, რაც მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე ორიენტირებულ სამართალშემოქმედებით პროცესს დაეხმარება.