"ძალიან ძნელია დღეს, წინასწარ გააკეთო ზუსტი პროგნოზი, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება მომავალ წელს", აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, რომელმაც განმარტა თუ რატომ შემცირდა 2022 წლისთვის ჯანდაცვის ბიუჯეტში COVID-19-ის მართვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა.
"წელს ჯანდაცვის ბიუჯეტში COVID-19-ის მართვისთვის 820 მლნ ლარამდეა ხარჯი, ხოლო მომდევნო წელს გათვალისწინებულია 500 მლნ ლარი. ეს შემცირება გამოიწვია გათვლებმა – გასულ წელს ყველაზე მწვავე პერიოდი გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, ამიტომ ხარჯები 2021 წელს ავანაზღაურეთ. გადმოყოლილი ვალდებულებების გამო, მეტი თანხის დახარჯვა გახდა საჭირო. მეორე მხრივ, თუნდაც არასაკმარისი, მაგრამ ვაქცინაციის 30%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოლოდინი გვაქვს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება, ვიდრე იყო 2021 წელს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დღეისათვის COVID-ვაქცინების დიდი ნაწილი უკვე შესყიდულია და 2022 წელს ამ მიზნისათვის და დამატებით ინფიცირებულთა სამკურნალოდ 0,5 მლრდ ლარია გათვალისწინებული.
"ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაც ეტაპობრივად უფრო აქტიურად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში და გაიზრდება მოცვის მაჩვენებელი მომდევნო თვეებში, შესაბამისად, ინფიცირების მაჩვენებელი დაიკლებს და ეს ფული, 0,5 მლრდ ლარი საკმარისი იქნება COVID-ის ეფექტიანად სამართავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს სხვა პროგრამებისთვის განკუთვნილი თანხების შემცირება“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.