აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს განაცხადა განვითარებადი წევრი ქვეყნებისთვის 2019-2030 წლებში კლიმატის დაფინანსების ამბიციის 100 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდის თაობაზე.
„კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი მოიგებს ან დამარცხდება,“ განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. „კლიმატის კრიზისი ყოველდღიურად უარესდება და კლიმატის დაფინანსების გაზრდას საჭიროებს. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად და 2030 წლისათვის ჩვენი საკუთარი რესურსებიდან კლიმატის ჯამური დაფინანსების ამბიციას 100 მილიარდ აშშ დოლარამდე ვზრდით.“
2018 წელს, ADB-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი ოპერაციების საერთო რაოდენობის მინიმუმ 75% კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და რომ კლიმატის დაფინანსება საკუთარი სერურსებიდან 2030 წლისათვის ჯამურად სულ მცირე 80 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. დღევანდელი განცხადება აღნიშნული დაფინანსების გაზრდის ამბიციას წარმოადგენს.
ADB-ის გათვლებით კლიმატის კუმულაციური დაფინანსება ბანკის საკუთარი რესურსებიდან 2019-2021 წლებში დაახლოებით 17 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
გაზრდილი კლიმატის დაფინანსების ამბიცია ADB-ის წევრი განვითარებადი ქვეყნებისადმი მიმართული დახმარების მნიშვნელოვანი ელემენტია. კორონავირუსული პანდემიისა (კოვიდ-19) და კლიმატის კრიზისის ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების წინაშე მდგარი მრავალი წევრი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მწვანე, მედეგი და მრავალმხრივი აღდგენის ხელშესაწყობად.
დამატებით 20 მილიარდი აშშ დოლარი კლიმატის დღის წესრიგს ხუთი მთავარი მიმართულებით დაეხმარება:
• პირველი, კლიმატის ცვლილების შესარბილებლად ახალი მიმართულებების დაფინანსება, მათ შორის ენერგო საცავებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის. ADB ვარაუდობს, რომ კლიმატის ცვილილების შერბილების მისი კუმულაციური დაფინანსება 66 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
• მეორე, ტრანსფორმაციული ადაპტაციის პროექტების ხელშეწყობა. კლიმატურად მგრძნობიარე სექტორებში, როგორიცაა ურბანული განვითარება, სოფლის მეურნეობა და წყლის სისტემები პროექტების დაგეგმარებისას უპირველესად გათვალისწინებული იქნება კლიმატის ადაპტაციისა და მედეგობის გაზრდა. ADB-ის გათვლით მისი ადაპტაციის კუმულაციური დაფინანსება 34 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
• მესამე, კლიმატის დაფინანსების გაზრდა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციებში. ეს მოიცავს როგორც ADB-ის ისე კერძო ინვესტორებისთვის კომერციულად მეტად მომგებიანი პროექტების შექმნას. აღნიშნულ ზრდას თან მოჰყვება ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება, ფინანსებზე საბაზრო მოთხოვნის პოსტ-პანდემიური გაჯანსაღება და ბიზნესის ახალი მიმართულებების გაჩენა კერძო სექტორის კლიმატის ოპერაციებში. ADB გეგმავს ამ ინიციატივების მხარდაჭერას 12 მილიარდი აშშ დოლარით, რომელსაც კერძო სექტორის კლიმატის კუმულაციური დაფინანსებისთვის საკუთარი რესურსებიდან გამოჰყოფს და დამატებით 18-დან 30 მილიარდ აშშ დოლარამდე ფინანსური რესურსის მოზიდვას ელოდება.
• მეოთხე, კოვიდ-19-ის შემდგომი მწვანე, მედეგი და მრავალმხრივი აღდგენის მხარდაჭერა, მათ შორის ინოვაციური დაფინანსების პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა ASEAN Catalytic Green Finance Facility და Green Recovery Platform, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კაპიტალური ბაზრებიდან და კერძო ინვესტორებიდან ფონდების მოზიდვას ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
• მეხუთე, ბანკის განვითარებად წევრ ქვეყნებში საბიუჯეტო სესხების საშუალებით რეფორმების განხორციელება კლიმატმედეგობისა და კლიმატის ცვლილებების შერბილებისკენ მიმართული პოლიტიკისა და შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერების მიზნით.
აღნიშნული მიმართულებების პარალელურად ADB განაგრძობს ახალ, კლიმატზე ორიენტებულ ტექნოლოგიებზე წვდომის მხარდაჭერას და კერძო კაპიტალის მობილიზებას კლიმატის დაფინანსებისთვის.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.