სასამართლომ ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
გორის საქალაქო სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე, ოთხ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. საქმეზე ოთხი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული არც ერთი პირი ბრალდებას არ ეთანხმება. ისინი აცხადებენ, რომ უდანაშაულო არიან. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ვასილ ოქროპირიძის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ჩვენებები ზეწოლის ქვეშაა მიცემული.
თომას კენედი საქართველოში ბოლო 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ბოლოს ტურისტი გორში გაჩერდა, სადაც ის 7 ოქტომბერს გაძარცვეს და სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი მდინარემ მეორე დღეს, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის – ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და აღნიშნული განზრახვა ვ.ო.-ს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს, ქ. გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
სამართალდამცველებმა გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ., გ.ო. და ვ.ო. 2021 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს.