საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მედიას მისმა ადვოკატმა, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააცნო.
"მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე ჩემის მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციულ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.